ირაკლი სესიაშვილი - დაფინანსება არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ეზრდება
ირაკლი სესიაშვილი - დაფინანსება არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ეზრდება

საუბარი არ არის იმაზე, რომ ბიუჯეტი სალომე ზურაბიშვილს ეზრდება, საუბარია იმაზე, რომ დაფინანსება ეზრდება ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის ყველა ვიზიტი და ღონისძიება ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. პარლამენტი იმსჯელებს და საბიუჯეტო ცვლილებას დაამტკიცებს ან არ დაამტკიცებს.

„თუ ქვეყანა მისი ვიზიტებით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს, პარლამენტი გაიზიარებს, თუ არ მიიღებს, უარის თქმის საშუალებაც გვაქვს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. როგორც საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.

დატოვე კომენტარი