ირაკლი კოვზანაძე - შემაჯამებელი სხდომა იქნება 7 ოქტომბერს და ბიუჯეტის პროექტზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
ირაკლი კოვზანაძე - შემაჯამებელი სხდომა იქნება 7 ოქტომბერს და ბიუჯეტის პროექტზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში მაკროეკონომიკური ზრდის პარამეტრი უცვლელია და 4.5 პროცენტის დონეზე არის შენარჩუნებული, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ასიგნინებების ნაწილში ზრდა არის 223 მილიონის ფარგლებში, 130 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ხარჯები, ასევე იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება, შემცირება კი, ეკონომიკური სამინისტროს კუთხით არის დაგეგმილი.

„ლარის კურსი გათვლილია 2.96. ჩვენ ლარის კურსს ბიუჯეტში ვდებთ იმისთვის, რომ ვიანგარიშოთ მხოლოდ საგარეო ვალი და სხვა არაფერი. შემაჯამებელი სხდომა იქნება 7 ოქტომბერს და ბიუჯეტის პროექტთან არსებულ ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების თაობაზე პარლამენტს კანონპროექტი გუშინ წარედგინა. 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში დოლარის კურსი 2.9638 ლარის ნიშნულზეა ჩადებული.