ფილიპინებში ტაიფუნ „ფანფონის“ შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. დაღუპულებს შორის არიან მოზარდებიც.
სტიქიურმა უბედურებამ კუნძულოვან ქვეყანაში საათში 100 კილომეტრის სიჩქარის ქარი და ძლიერი წვიმა გამოიწვია. შედეგად ათობით დასახლება დაიტბორა. ცალკეულ ზონებში მეწყერიც დაფიქსირდა. სტიქიის ზონიდან 60 ათასამდე მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. გადაიდო ასობით ავიარეისი. შეფერხებით ფუნქციონირებს საზღვაო მიმოსვლაც.
ფილიპინებს ყოველ წელს საშუალოდ 20 ტაიფუნთან უწევს გამკლავება. თუმცა როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ბოლო რამდენიმე წელია, სტიქიურმა უბედურებამ გაცილებით დიდი მასშტაბები მიიღო.
2013 წელს, ფილიპინების ამავე რეგიონში ძლიერი ტაიფუნი „ჰაიანის“ შედეგად 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200 000 საცხოვრებელი სახლი კი, ბოლომდე ან ნაწილობრივ დაინგრა.