ფილიპინების პრეზიდენტმა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო გააკრიტიკა
ფილიპინების პრეზიდენტმა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო გააკრიტიკა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მანილაში გამართული აზიისა და დასავლეთის ერების სამიტის ბოლოს კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო გააკრიტიკა. დუტერტეს უკმაყოფილება ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლის შესახებ კანადის ლიდერის მიერ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია. ამ საკითხის წამოჭრას გვერდი აუარეს სხვა ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
ჯასტინ ტრიუდომ ყურადღება გაამახვილა ფილიპინებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, დაუსჯელ მკვლელობებსა და უკიდურესად მკაცრ ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე. სწორედ ამის შესახებ დაუსვეს კითხვა როდრიგო დუტერტეს სამიტის დახურვის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მე მას ვუპასუხე, რომ ახსნას არ ვაპირებ. ეს პირადი და პოლიტიკური შეურაცხყოფაა“, – განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა, რომელსაც აღელვება ეტყობოდა. მან კანადის პრემიერი სახელითაც არ მოიხსენია. „მე მხოლოდ ფილიპინელებს ვპასუხობ. არ ვუპასუხებ ვიღაცის სისულელეებს. განსაკუთრებით უცხოელის. თავი გამანებონ“, – აღნიშნა მან.
ადამიანის უფლებათა დამცველები იმედოვნებდნენ, რომ როდრიგო დუტერტესთან პირისპირ შეხვედრისას ლიდერები გამოიყენებდნენ შესაძლებლობას და მას ქვეყანაში მასობრივი მკვლელობების შესახებ დაელაპარაკებოდნენ. მკვლელობებს თავად ფილიპინების პრეზიდენტმა 2016 წელს, პოსტზე მოსვლისთანავე მისცა ბიძგი.
მსგავს თემებზე საუბარი არ შემდგარა შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დუტერტეს შორის. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიდერებმა „საუკეთესო ურთიერთობები“ დაამყარეს.
გასულ წელს ფილიპინების პრეზიდენტმა ტრამპის წინამორბედი ბარაკ ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან მწვავე კითხვები დასვა ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ დუტერტეს ექსტრაორდინალური და დანაშაულებრივი ბრძოლის შესახებ.