ფილიპ რიკერი - ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს დესტაბილიზაციის შემცირებას, რომელიც არის საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან
ფილიპ რიკერი - ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს დესტაბილიზაციის შემცირებას, რომელიც არის საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს დესტაბილიზაციის შემცირებას და რა თქმა უნდა, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„მსურს აღვნიშნო ის სიტუაცია, რაც არის ადმინისტრაციულ საზღვართან და ის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები რუსეთის მხრიდან, რაც ხორციელდება დღესდღეობით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს ამ დესტაბილიზაციის შემცირებას და რა თქმა უნდა, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ამერიკელმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ასევე საქართველოს წვლილზე ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

„ჩემი გამოსვლის სიტყვის დასასრულს მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, თუ რაოდენ ვაფასებთ ჩვენ საქართველოს კონტრიბუციას, საქართველოს წვლილს მსოფლიო მშვიდობის დაცვაში, საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, გარდა ამისა, მრავალი ორმხრივი თუ მრავალმხრივი სწავლებების ორგანიზებას და ზოგადად, საქართველოს სურვილს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და ქვეყნის თავდაცვითი ძალების მზადყოფნა. აქ ჩემთან ერთად გახლავთ თავდაცვის დეპარტამენტიდან მდივნის მოადგილე ლორა კუპერი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პომპეოს გზავნილი, რომელიც მან 11 ივნისს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბახტაძეს განუცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მის განვითარებას“, – აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველომ დასავლეთთან ერთად უნდა გააგრძელოს სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, რათა ქვეყანა იყოს მტკიცე და შეეძლოს რუსული საფრთხეებისაგან თავის დაცვა.

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ ეს ორგანიზაცია არა მხოლოდ ხელს უწყობს სტაბილურობისა და მშვიდობის განვითარებას და შენარჩუნებას, ასევე მნიშვნელოვანია ის სიმტკიცე და სიძლიერე, რომელიც მის წევრ ქვეყნებს გააჩნიათ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიმართულებით. თითოეული მისი წევრი ქვეყანა ერთგულია დემოკრატიისა, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისა და ეს გახლავთ სწორედ ძირითადი ქვაკუთხედი საქართველო-ამერიკის თანამშრომლობისა. ეს ფასეულობები ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ და განვახორციელოთ ძალიან ინტენსიური პროგრამები, იმისათვის, რომ საქართველო იყოს გამძლე, მტკიცე, სუვერენული და მას შეეძლოს გარე, მათ შორის რუსული საფრთხეებისაგან თავის დაცვა.