საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ფილიპ რიკერს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩეველთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ ფილიპ რიკერთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ფილიპ რიკერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ პოზიციაზე ასეთი გამოცდილი დიპლომატის დანიშვნა საქართველოსა და რეგიონის, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ აშშ-ის მაღალი ინტერესის გამოხატულებაა.

თავის მხრივ, ფილიპ რიკერმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. აღინიშნა ამ პროცესში ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობა. ლაშა დარსალიამ და ფილიპ რიკერმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარებისა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.