ფილიპ რიკერი - ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით და ჩემთან ერთად არის უსაფრთხოების მრჩეველი. ამ დრომდე ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა ასევე გასულ შემოდგომაზე, როდესაც სახელმწიფო მდივანი, პომპეო იმყოფებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის.
მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ნიღბის ტარება ამ მნიშვნელოვან და დინამიურ დროს საქართველოსთვის. ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას ყურადღებას ამახვილებდა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.
„განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, როდესაც არის „კოვიდით“ გამოწვეული სიტუაცია, ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი ეს არის აუცილებელი ნაწილი ნებისმიერი დამოკრატიული განვითარებისა. განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი არის ის, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რა თქმა უნდა, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.