ფილიპ რიკერი - კელი დეგნანი არის ნამდვილად მაღალკვალიფიციური დიპლომატი, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობას მალე დაიწყებს
კელი დეგნანი არის ნამდვილად მაღალკვალიფიციური დიპლომატი, რომელიც მალე დაიწყებს მოვალეობის შესრულებას საქართველოში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საქართველოში ვიზიტისას, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნა პროცედურებზეა დამოკიდებული.
„მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა დაასახელა საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატურად კელი დეგნანი, რომელიც გახლავთ ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და ძალიან გამოცდილი დიპლომატი. იგი იტალიაში მსახურობდა ელჩის მოადგილედ, შემდეგ იყო ავღანეთში, ასევე ნატო-ს მისიაში და ახლა მსახურობს პოლიტიკურ მრჩევლად ნეპალში, სამხედრო საზღვაო ძალებში. იგი არის ნამდვილად მაღალკვალიფიციური დიპლომატი, რომელიც მალე დაიწყებს მოვალეობის შესრულებას საქართველოში. რაც შეეხება დროს, ეს დამოკიდებულია უკვე ჩვენს პროცედურებსა და სენატზე, თუ როდის მოხდება მისი დამტკიცება, რადგან არსებობს გარკვეული პროცედურები. ჯერ მოსმენა, შემდეგ დამტკიცება და ალბათ, როცა აღდგება სესიები სენატში, ესეც მალე მოხდება.
ამასობაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელით აგრძელებს აქტიურ მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქალბატონი ელიზაბეტ რუდის ხელმძღვანელობით, რომელიც გახლავთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. პომპეო და თითოეული ჩვენგანი ვართ ამაყი იმით, რასაც ახორციელებს და რა წარმატებასაც აღწევს ამერიკის საელჩო“,- განაცხადა რიკერმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა.