ფიჯის კუნძულებზე ძლიერი ციკლონის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი სამი თვის ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მბუას პროვინციაში, ვანუა-ლევუს კუნძულზე მე-5 კატეგორიის ტროპიკულმა ციკლონმა „იასამ“არქიპელაგზე მეწყერთან ერთად გადაუღებელი წვიმა, 285 კმ/სთ სიჩქარის ძლიერი ქარი და წყალდიდობა გამოიწვია. ციკლონის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, რამდენიმე პროვინციაში გაითიშა ელექტროენერგია, ჩაიხერგა და დაიტბორა გზები.
ფიჯის პრემიერ-მინისტრის, ფრენკ ბაინიმარამას განცხადებით, სავარაუდო ზარალი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.