ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. დაკავებულის ადვოკატ კახა წერეთლის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ. კვალიფიკაციას დაზუსტებით პროკურატურა გადაწყვეტს. მას შემდეგ, რაც დაკავება მოხდა, ის დუმილის უფლებას იყენებს. თუ სხდომაზე პროკურატურა მოითხოვს საპატიმრო ღონისძიებას, ჩვენ ბუნებრივია, არასაპატიმრო ღონისძიების მოთხოვნას დავაყენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პირი შსს-მ გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა ლერი სულაბერიძის ავტომობილის მისამართით. სროლა წყნეთში მოხდა. მომხდარის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში სულაბერიძის გამოკითხვა და დაზიანებული ავტომობილის დათვალიერება მიმდინარეობდა.