პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ი.ღ.-სთან ერთად იმყოფებოდა დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.მ. 2020 წლის 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.