დაპირისპირება „ბათუმი არენაზე“
ნეიტრალურ სივრცედ შერჩეული ბათუმი, რომელიც არეულობის ადგილად იქცა – დაპირისპირების და ხელჩართული ჩხუბის ფონზე წარმართული ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი.
ბათუმში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. პოლიციელების მისამართით ნასროლი საგნები, აგრესიული ქმედებები, ფიზიკური თავდასხმები, წინააღმდეგობა ფეხბურთის ქომაგების მხრიდან და წყლის ჭავლი ტრიბუნებზე – ასეთი სურათი იყო „ბათუმი არენაზე,“ სადაც გუშინ ერთმანეთს თურქეთის კლუბ „ბეშიქთაშის“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ ფეხბურთელები ეთამაშებოდნენ. ინციდენტების შედეგად დაშავდა რამდენიმე ქართველი სამართალდამცველი. ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია თურქული კლუბის 16-ვე გულშემატკივარი, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გათავისუფლების მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას აანონსებს. დაპირისპირება ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ფეხით მსვლელობის დროს დაიწყო, მოგვიანებით კი სტადიონის ტრიბუნებზე გაგრძელდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მატჩი დროებით შეწყდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქი გულშემატკივრების მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე მიუთითებს და ჯერ კიდევ საზღვარზე აღკვეთილ პროვოკაციებზე საუბრობს – იგულისხმება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული შინაარსის ბანერების საზღვარზევე ჩამორთმევა. თავის მხრივ კითხვები და პრეტენზიები აქვს თურქულ მხარეს – კეთდება განცხადებები ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.