დაპირისპირება „ბათუმი არენაზე“ – შს მინისტრის განცხადება
ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას, თურქული კლუბის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება და უწყების თანამშრომლებს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის. სულხან თამაზაშვილის თქმით, სამინისტროს თანამშრომლებმა ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირებისას, პოლიციამ 16-ი პირი დააკავა. უწყების განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, სამართალდამცველები წინასწარ იყვნენ მობილიზებულნი. „ბათუმი არენისკენ“ მსვლელობისას კი „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი აგრესიულად იქცეოდა, არღვევდა წესრიგს, არ ემორჩილებოდა პოლიციას და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდა. ძალადობრივი ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა, სადაც გულშემატკივრებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და პოლიციელებს სკამები დაუშინეს. ვითარების განსამუხტად სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კანონის დაცვა სავალდებულოა ყველასთვის. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, უეფას პრაქტიკის მიხედვით, ვინაიდან ნომინალური მასპინძელი თურქული კლუბი იყო, ზიანის ანაზღაურება, სავარაუდოდ თურქულ მხარეს მოუწევს.