დაპირისპირება „ბათუმი არენაზე“
ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ „ანა-დოლუ“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ყურადღებით აკვირდებოდა ბათუმში, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მდგომარეობას. წყაროს თქმით, სტადიონზე იმყოფებოდნენ თურქეთის საელჩოსა და აჭარაში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, რომლებმაც ყველა საჭირო ზომა მიიღეს თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დასაცავად. ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო. გავრცელებული ცნობებით, თურქული „ბეშიქთაშის“ ქომაგები არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რომელიც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა.