დაპირისპირება „ბათუმი არენაზე“ – შსს-ს განცხადება

12:06, 27.11.2026

ბათუმში გუშინ გამართულ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა, პოლიციამ კი 16 პირი დააკავა. უწყების განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, სამართალდამცველები წინასწარ იყვნენ მობილიზებულნი: როგორც სტადიონზე, ისე ქალაქის ქუჩებში, თუმცა ევროპის მოედნიდან, „ბათუმი არენისკენ“ მსვლელობისას, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი აგრესიულად იქცეოდა, არღვევდა წესრიგს, არ ემორჩილებოდა პოლიციას და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდა. ძალადობრივი ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა, სადაც გულშემატკივრებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და პოლიციელებს სკამები დაუშინეს. ვითარების განსამუხტად სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა. უწყება განმარტავს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ბანერების გამოჩენამდე ჯერ კიდევ მსვლელობისას დაიწყო. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კანონის დაცვა სავალდებულოა ყველასთვის. გუშინ შექმნილი ვითარების გამო, საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა. ქალაქში პოლიცია გვიან ღამემდე იყო მობილიზებული. თამაში თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა უეფა-ს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების გამო, მატჩის გამართვის ადგილად, ნეიტრალური სტადიონი, „ბათუმის არენა“ შეირჩა.

მსგავსი