ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში თავად ლერი სულაბერიძე გამოკითხეს.

წყნეთში სროლა წუხელ მოხდა. დაზიანებულია ლერი სულაბერიძის ავტომობილი.