ფეხბურთი და პოლიტიკა - მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოცხადებული ბოიკოტების მოკლე ისტორია
ფეხბურთი და პოლიტიკა - მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოცხადებული ბოიკოტების მოკლე ისტორია

რა გავლენას იქონიებს რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის  მოწამვლის ფაქტი მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობაზე?

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აღნიშნულ თავდასხმაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი – რუსეთი დაადანაშაულა და მასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და მინისტრები რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატს არ დაესწრებიან.

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას უმალ მოჰყვა გამოხმაურება სპორტულ სამყაროშიც. ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი მონაწილე ქვეყნების მხრიდან არცთუ ხშირად მომხდარა, თანაც მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ორგანიზაცია – ფიფა ყოველგვარ პროტესტს უმკაცრესად სჯის.

ბუნებრივია, ტერეზა მეის განცხადებას არ ექნება გავლენა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების მონაწილეობაზე.

ერთად გავიხსენოთ ამ ასპარეზობის  88-წლიან ისტორიაში მომხდარი საინტერესო საპროტესტო ინციდენტები – ზოგს პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, ზოგს სპორტული, ზოგიერთს კი…

 

მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირების მოკლე ქრონოლოგია

 

1934ურუგვაი

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაიში ჩატარდა. თასის მფლობელი მასპინძელთა ნაკრები გახდა. თუმცა, ურუგვაიმ უარი განაცხადა 1934 წელს იტალიაში გასამართ ტურნირში მონაწილეობაზე.

მსოფლიო ჩემპიონებმა ერთგვარი შურისძიება განახორციელეს – პროტესტის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ ქვეყანაში 1930 წელს გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა ძალიან ცოტა ევროპულმა ნაკრებმა მიიღო.

1938არგენტინა და ურუგვაი

ურუგვაიმ ბოიკოტი გამოუცხადა 1938 წლის ჩემპიონატსაც, რომელიც კვლავ ევროპაში, ამჯერად საფრანგეთში ტარდებოდა.

ურუგვაის პროტესტს მისი დაუძინებელი მეტოქე არგენტინაც შეუერთდა.

არგენტინას ტურნირის მასპინძლობა თავად სურდა, რადგან შეთანხმების თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატები მონაცვლეობით უნდა ჩატარებულიყო სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში, ალბისელესტეს აზრით, ფიფა-მ შეთანხმება დაარღვია.

 

1950ინდოეთი

1950 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში გაიმართა, მონაწილეობაზე ინდოეთის უარმა არაერთ სპორტულ მითს დაუდო საფუძველი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის უარის მიზეზი გახდა ის, რომ ფიფა-მ სპორტული ფეხსაცმლის გარეშე თამაში აკრძალა.

1948 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ინდოელი სპორტსმენები მართლაც ფეხშიშველი თამაშობდნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფიფამ-მ მართლაც აუკრძალა ინდოეთს ფეხშიშველი თამაში, მაგრამ გაზეთმა LA Times-მა გაარკვია ისიც, რომ ნამდვილი მიზეზი სულ სხვა იყო — ინდოეთის ხელისუფლებას ჩემპიონატი არ მიაჩნდა საკმარისად მნიშვნელოვნად, რათა მასში ნაკრების მონაწილეობა უზრუნველყო.

ასევე ვრცელდებოდა ვერსია, რომლის თანახმადაც, “პროტესტის” მიზეზი ძალიან ბანალური იყო, უბრალოდ ინდოელმა ფეხბურთელებმა შორეული მგზავრობისთვის საჭირო ფინანსები ვერ “იშოვნეს”.

 

1958თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, სუდანი  

1958 წლის შესარჩევ ეტაპს არაერთი პრობლემა ახლდა— ბევრი მათგანი ისრაელის ნაკრებთან იყო დაკავშირებული.

იმ დროისთვის, ისრაელი აზიის საფეხბურთო ფედერაციის წევრი იყო და შესაბამისად, შესარჩევ ეტაპზე აზიურ და აფრიკულ გუნდებს უნდა შეხვედროდა.

პოლიტიკური მიზეზებით, ისლამურმა ქვეყნებმა – თურქეთმა, ინდონეზიამ, ეგვიპტემ და სუდანმა ისრაელთან თამაშზე უარი განაცხადეს.

შედეგად, ისრაელი კვალიფიკაციის გარეშე ხდებოდა ჩემპიონატის მონაწილე.

თუმცა, ფიფა-მ ეს არ დაუშვა და ისრაელს ევროპულ გუნდთან, უელსთან მოუწია თამაში. შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ბრიტანელებმა მოიპოვეს, ისრაელი კი უეფა-ს წევრი გახდა.

 

1966აფრიკა

1966 წელს, ინგლისში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი მთლიანმა კონტინენტმა — აფრიკამ გამოუცხადა.

1964 წელს, ფიფა-მ გადაწყვიტა, რომ 16 ნაკრებს შორის 10 უნდა ყოფილიყო ევროპიდან, მათ შორის მასპინძელი ინგლისი, ოთხი სამხრეთ ამერიკიდან, ერთი ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონიდან.

დარჩენილი ერთი ადგილისთვის სამ კონტინენტს უნდა ებრძოლა: აფრიკა, აზია და ოკეანეთი. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ეს დიდ უსამართლობად ჩათვალა და მოუწოდა მის წევრ ქვეყნებს, არ მიეღოთ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში.

 

1974საბჭოთა კავშირი

ცივი ომის შუაგულში, სსრკ-ის ნაკრებმა უარი თქვა ჩილესთან შესარჩევ მატჩზე.

ერთი წლით ადრე, ჩილეში მომხდარი გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში გენერალი პინოჩეტი მოვიდა, მთელი ქვეყანა რეპრესიებმა მოიცვა, სანტიაგოს სტადიონი კი ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკად იქცა, ცნობილ სტადიონზე რეჟიმის მოწინააღმდეგე არაერთი ადამიანი დახვრიტეს.

საბჭოთა კავშირმა ფიფა-ს მატჩის სხვა სტადიონზე ჩატარება სთხოვა, მაგრამ უარყოფითი პასუხის შემდეგ, შეხვედრაზე უარი თქვა.

ჩილემ ეს მატჩი მაინც „ითამაშა“ – მოედანზე მხოლოდ მასპინძლები გავიდნენ და 5 ათასი მაყურებლის წინ, მშვიდად გააგორეს ბურთი ვირტუალური მეტოქის კარისკენ და გოლიც „გაიტანეს“.

რა თქმა უნდა, ამ სიმბოლურ გოლს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მატჩზე გამოუცხადებლობის გამო, ფიფა-მ სსრკ-ს ნაკრებს ტექნიკური დამარცხება ჩაუთვალა და ინგლისის მუნდიალზე სამხრეთამერიკული ნაკრები გაემგზავრა.

 

1982გაერთიანებული სამეფოს ნაკრებები

1982 წლის ესპანეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მარგარეტ ტეტჩერის მთავრობა ფართო განხილვებს აწარმოებდა, რადგან შიშობდა, რომ რომელიმე ბრიტანულ ნაკრებს არგენტინასთან თამაში მოუწევდა, რასაც შესაძლოა არასასიამოვნო ინციდენტები მოჰყოლოდა, რადგან სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა ფოლკლენდის ომი დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის.

საბოლოოდ, სამხედრო კონფლიქტი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღეს დასრულდა და ბრიტანეთის სამმა ნაკრებმა – ინგლისმა, შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო.

ის, რაზეც ვესტმინსტერის სასახლეში დარდობდნენ, 4 წლის მერე მაინც შედგა – ლეგენდარულ მეოთხედფინალურ მატჩში არგენტინა ინგლისს დაუპირისპირდა. იმ დაუვიწყარ შეხვედრაში მარადონამ ყველასთვის ცნობილი ორი გოლი გაიტანა – მეორე მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლად აღიარეს, პირველი კი დღემდე განსჯის საგანია – არგენტინელები ამ გოლს წაგებული ომის შურისძიებად თვლიან.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით