კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთში 18 წლის სტუდენტის გარდაცვალებასთან მიმართებაში სამართალდამცველთა ქმედება კითხვებს აჩენს და ფაქტის გამოძიება სწორი გადაწყვეტილებაა
გაერთიანებული სამეფოს ქალაქ საუთჰემპტონში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად პოლიციის 11 ოფიცერი დაშავდა. დაკავებულია აქციის ორი მონაწილე. აღნიშნული აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გასაჯაროვდა 2025 წლის დეკემბერში დაღუპული 18 წლის სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის დაკავების კადრები. ვიდეოკადრები პოლიციელთა სამხრე კამერებიდან არის ამოღებული.
როგორც გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, მიწაზე მწოლიარე ნოვაკი პოლიციელებს ეუბნება, რომ დაჭრილია და სუნთქვა უჭირს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მას არ უჯერებენ, რადგან სტუდენტზე თავდამსხმელმა, 23 წლის მამაკაცმა პოლიცია შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით დააჯერა, რომ მისი მსხვერპლი რასისტულ ნიადაგზე დაესხა თავს. დაჭრილ ნოვაკს სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სასამართლომ 23 წლის თავდამსხმელს, ვიკრუმ დიგრას 21 წლით პატიმრობა პირველ ივნისს შეუფარდა, სწორედ ამის შემდეგ გასაჯაროვდა სამხრე ჩანაწერიც, რამაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. ამჟამად ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველთა საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომლის თქმითაც, სამართალდამცველთა ქმედებამ სერიოზული კითხვები წარმოშვა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს რასიზმთან დაკავშირებული ბრალდებები გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
„ვნახე სამხრე კამერების ჩანაწერი. საშინელებაა. როგორც 17 წლის ბიჭის მამა, ცუდად გავხდი ყურებისას. აბსოლუტურად სწორია, რომ სამართალდამცველთა ქცევას პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისი გამოიძიებს. ვფიქრობ, ასევე უნდა იყოს განხილული ის საკითხიც, რომ რასიზმთან დაკავშირებით წამოყენებულმა ბრალდებამ გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ამ შემთხვევაში“, – განაცხადა სტარმერმა.