ნიკა გვარამია - გრიგოლ გეგელიას უთქვამს, ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკითო, გეგელია ან სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან იტყუება, მსგავსი არაფერი უთქვამთ და არც შეიძლება, ეთქვათ
გრიგოლ გეგელიას უთქვამს, ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკითო. მსგავსი არაფერი ამერიკელებს არ უთქვამთ და არც შეიძლება, ეთქვათ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, გრიგოლ გეგელია ან სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან იტყუება.
მისივე თქმით, გეგელია, შეიძლება, იტყუებოდეს, რადგან პარლამენტში დაბრუნების სურვილი ან/და თავისი პარტიის ლიდერების პოლიტიკური დევნის დასრულების ფუჭი იმედი, შეიძლება, ჰქონდეს.
„გრიგოლ გეგელიას უთქვამს „ტვ პირველზე“, ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკითო. მარტივად რომ ვთქვათ: ან გრიგოლ გეგელია სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან გრიგოლ გეგელია იტყუება.
მსგავსი არაფერი ამერიკელებს არ უთქვამთ და არც შეიძლება, ეთქვათ: ისინი ჩვენი მენტორები არ არიან, რომ დაგვტუქსონ და არც ჩვენ ვართ მათი შეგირდები, რომ ჭკუის დარიგებებს ვისმენდეთ თავდახრილები. როგორც შარლ მიშელი არ იყო არავის მენტორი, იმათ გარდა, ვისაც ერთი სული ჰქონდა, პლედი ამოეკეცა ფეხებქვეშ საპარლამენტო სავარძელში და შარლ მიშელს იშველიებდნენ ამის მიზეზად.
რატომ შეიძლება, გრიგოლი იტყუებოდეს? – იმიტომ, რომ პარლამენტში დაბრუნების სურვილი ან/და მისი პარტიის ლიდერების პოლიტიკური დევნის დასრულების ფუჭი იმედი, შეიძლება, ჰქონდეს. ოღონდ, ტყუილთან ერთად, ეს უკვე სისულელეცაა. „ქოცებთან“ დალაგების იმდენი შემთხვევა გვახსოვს ერთდროულად ციხით და პოლიტიკური გასასიზღრებით დასრულებული, მეტი რომ არ შეიძლება“, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისის შეხვედრის შესახებ განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა, ნათქვამია: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ კი განაცხადა: „გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით. სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების, ბრძოლის ამა თუ იმ ფორმაზე უარის თქმის მხარეს, არამედ არის იმის მხარეს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში, მაქსიმალურად სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, პოლიტიკური ინსტიტუტების ცხოვრებაში“.