„ფეისბუქმა“ რუსული „რაშა თუდეი“ და ჩინური „სისიტივი“ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიად მონიშნა
„ფეისბუქმა“ რუსული „რაშა თუდეი“ და ჩინური „სისიტივი“ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიად მონიშნა.
მანამდე „ფეისბუქში“ განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებების მონიშვნას იწყებენ. ამის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელის ვებგვერდზეა ნათქვამი.
„ჩვენ გვინდა, უკეთ გავაგებინოთ ხალხს, ვინ დგას ამა თუ იმ ახალი ამბის უკან, რომელსაც ისინი „ფეისბუქზე“ კითხულობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური ქსელის მესვეურთა თქმით, გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშვნისას მოხდება მათი კლასიფიკაცია. კერძოდ, „ფეისბუქის“ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მედიასაშუალებებს დაყოფენ ორ ჯგუფად – მედია, რომელიც ნაწილობრივ კონტროლდება და რომელსაც სრულად აკონტროლებს სახელმწიფო.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ პუბლიკაცია, რომელსაც ისინი კითხულობენ, სახელმწიფოს ზეგავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალება ავრცელებს“, – ნათქვამია სოციალური ქსელის ვებგვერდზე.
ასევე, „ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ასევე მონიშნავენ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ გავრცელებულ დაფინანსებულ პუბლიკაციებსაც.
როგორ შეაფასებენ მედიასაშუალებებს?
სოციალურ ქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ მათ კონსულტაცია გაიარეს 65-ზე მეტ ექსპერტთან, მათ შორის მედიაზე მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და შეიმუშავეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებების კლასიფიკაცია.
„ჩვენ ვიცით, რომ მთავრობები კვლავ აგრძელებენ მედიის დაფინანსების მექანიზმების გამოყენებას მედიის კონტროლისთვის, მაგრამ ეს არ გახლავთ სრული სურათი. ამიტომ, ჩვენი შეფასება უფრო ფართო იქნება და ფინანსურ კონტროლს სცდება. კერძოდ, ის ასევე მოიცავს მთავრობის მიერ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის შეფასებასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ფეისბუქის“ განმარტებით, კვლევის დროს შეფასების კრიტერიუმად გამოყენებული იქნება:
- მედიასაშუალების გაცხადებული მიზანი, მანდატი და საჯარო ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ განსაზღვრავს და ასრულებს მედიაორგანიზაცია გაცხადებულ ჟურნალისტურ მიზანს;
- მფლობელების სტრუქტურა. მათ შორის ინფორმაციაც მედიამფლობელების, აქციების მფლობელების, მმართველთა საბჭოს წევრების, მენეჯმენტის, მთავრობის მიერ წამყვან პოზიციებზე დანიშნული პირების შესახებ;
- სარედაქციო პოლიტიკა. მაგალითისთვის, ხდება თუ არა წყაროების დივერსიფიცირება, რამდენად გამჭვირვალეა წყაროები და ა.შ.;
- ინფორმაცია ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების შესახებ;
- დაფინანსების და შემოსავლის წყაროები;
- მმართველობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმი. მათ შორის როგორ ხდება საჩივრების განხილვა, მედიასაშუალების საქმიანობის შეფასება გარე დამკვირვებლების მიერ და როგორც მუშაობს სამეთვალყურეო საბჭო.
„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ „თუ ამ კრიტერიუმების შესწავლის შემდეგ დადგინდება, რომ არსებობს საკმარისი დამცავი მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, მაშინ ამ მედიას აღარ მონიშნავენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ მედიასაშუალებამ დაამტკიცოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, მან უნდა დააკმაყოფილოს მინიმალური მოთხოვნები:
- კანონი, რომელიც ორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკას მკაცრად იცავს;
- დამკვიდრებული პროცედურები, პროცესები და დამცავი მექანიზმები, რომლებიც მედიაორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს;
- დამოუკიდებელი, სანდო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი შეფასება, რომ წესდებაში, რომლითაც მედიასაშუალებაში მოქმედებს, დაცულია და უზრუნველყოფილია სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა.
სოციალური ქსელის მესვეურთა თქმით, შეფასების დროს ასევე გათვალისწინებული იქნება ქვეყნის სპეციფიკა, მათ შორის მედიის თავისუფლების ხარისხი. ასევე მხედველობაში იქნება მიღებული ღია წყაროებზე დაყრდნობით შედგენილი კვლევები, რომლებიც მოწინავე ექსპერტებმა გამოსცეს.
„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ თუ კონკრეტული მედიასაშუალება არ ეთანხმება მონიშვნას, მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება.
„ფეისბუქის“ შესაბამისი ნიშანი უკვე აქვს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რაშა თუდეის“, ასევე ჩინურ „სისიტივის“, ჩინურ სააგენტო „სინხუას“.
სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლის ბოლოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიას აშშ-ში სარეკლამო მასალის გავრცელება აეკრძალებათ.