ფეისბუქმა მომხმარებლის პირადი მონაცემები 60-ზე მეტ კომპანიას გაუმჟღავნა
პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა საკუთარი მომხმარებლის პირად მონაცემებზე წვდომა 60-ზე მეტ ტექნოლოგიურ კომპანიას მისცა, რომელთა შორისაც არიან სმარტფონების უმსხვილესი მწარმობლები „ეფლი“ და „სამსუნგი“, ასევე ინტერნეტ-ვაჭრობის გიგანტური გლობალური პლატფორმა „ამაზონი“. ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CNBC-ი ”ნიუ-იორკ თაიმსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
”ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სულ მცირე, ბოლო ათი წლის განმავლობაში „ფეისბუქმა“ 60-ზე მეტი ტექნოლოგიური პროდუქტის მწარმოებელ კომპანიასთან დადო ხელშეკრულება მონაცემთა გაცვლის თაობაზე. ამ კომპანიებს შორის არიან „ეფლი“, „სამსუნგი“ და „ამაზონიც“.
ხელშეკრულების მიხედვით, ფეისბუქი პარტნიორებს საკუთარი მომხმარებლის პირად მონაცემებზე წვდომის უფლებას აძლევდა თავად მომხმარებლის მხრიდან მკაფიო თანხმობის გარეშე. პირად ინფორმაციაში შედიოდა მომხმარებლის სოციალური სტატუსი, პოლიტიკური დამოკიდებულება, განათლება, რელიგია და ასევე მის ცხოვრებაში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მომენტები.
როგორც ცნობილია, ფეისბუქს პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გამჟღავნების გამო, უკვე დიდი ხანია მსოფლიოს მასშტაბით აქვს პრობლემები კანონმდებლებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან. „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის პასუხად ფეისბუქმა თავისი პოზიციის დაცვა ბლოგზე გამოქვეყნებული ახსნა-განმარტებით სცადა.
ბლოგის მიხედვით, პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულება პარტნიორებს სოციალური ქსელის მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის მხოლოდ ფეისბუქის ფარგლებში გამოყენების უფლებას აძლევდა.
„ეფლი“, „ამაზონი“, „მაიკროსოფტი“ და „სამსუნგი“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.