„ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა
„ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო სოციალური ქსელის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება ექვს მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ამასთან, უმსხვილესი სოციალური ქსელის აქციების ფასი 4,9%-ით შემცირდა. ბლუმბერგის მილიარდერების სიაში მარკ ცუკერბერგმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
კომპანია „ფეისბუქი“ მომხმარებლებს სოციალური ქსელის გათიშვის გამო ბოდიშს უხდის. შესაბამისი განცხადება კომპანიის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მაიკ შრეპფერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
„გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვისაც შეეხო „ფეისბუქის“ სერვისების მუშაობაში შეფერხებები. ჩვენ ქსელთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა და ჯგუფები მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამართონ და აღადგინონ“, – წერს კომპანია „ფეისბუქის“ წარმომადგენელი.
მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მიუწვდომელია. „ფეისბუქის“ კუთვნილმა სამივე ქსელმა, რომლებიც საერთო ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, ცოტა ხნის წინ მუშაობა სრულად შეწყვიტა.