„ფეისბუქის“ აქციონერთა ნაწილი დირექტორთა საბჭოს თანამდებობიდან მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს
„ფეისბუქის“ აქციონერთა ნაწილი დირექტორთა საბჭოს თანამდებობიდან მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ აქციონერთა ნაწილი დირექტორთა საბჭოს თანამდებობიდან მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ფეისბუქის“ აქციონერთა ყოველწლიური შეკრება 30 მაისსა დაგეგმილი.

აქციონერთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმძღვანელობის რამდენიმე არასწორი გათვლის შედეგად კომპანიამ 2018 წლის ივლისიდან ღირებულების 40% დაკარგა. განცხადების ავტორები აღნიშნულზე პასუხისმგებლობას უშუალოდ მარკ ცუკერბერგს აკისრებენ, რომელიც, მათი თქმით, ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავს კომპანიას.

„დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აკონტროლებს ხმების 51%-ს, თუმცა ის კომპანიის აქციების მხოლოდ 13%-ს ფლობს“, – აღნიშნულია აქციონერთა ნაწილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქციონერები კომპანიის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევის ინიციატივით გამოდიან. ცუკერბერგი აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს და ამავე დროს კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას ითავსებს.

გ​ანცხადების ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის თანამდებობების გამიჯვნას. იმ მიზეზებს შორის, რამაც კომპანიის აქციების გაუფასურება გამოიწვია, მთავარ მიზეზად დასახელებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა.