ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს. პრობლემა აქვს, როგორც დესკტოპ ვერსიას, ისე აპლიკაციას. პრობლემის შესახებ ინფორმაციას Techtimes-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პრობლემა 13 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა და მას შემდეგ, ორივე სოციალური ქსელი შეფერხებით მუშაობს. ფეისბუქზე თითქმის შეუძლებელია კონტენტის ატვირთვა და მართვა, ხოლო ინსტაგრამზე ფოტოების გაზიარება ვერ ხერხდება.
საიტზე – Down Detector, სადაც მომხმარებლებზე დაყრდნობით სოციალური ქსელის მუშაობა ფასდება, დღეს უამრავი შეტყობინება შევიდა. მომხმარებლები იმ პრობლემებზე წერენ, რომელიც ფეისბუქის მოხმარებისას იჩენს თავს. პრობლემების ჩამონათვალში ძირითად ადგილს, მესენჯერის გაუმართაობა, ვებგვერდის ჩატვირთვა, ვიდეოების ატვირთვა და სურათების რთულად გამოჩენის პრობლემა იკავებს. ამასთან მომხმარებლების ნაწილი ვერ ახერხებს ფეისბუქის საკუთარ „ექაუნთზე“ შესვლას.
რუკაზე წითლად და ყვითლად ის რეგიონებია აღნიშნული, სადაც ფეისბუქი შეფერხებით მუშაობს. საქართველო ყვითელ ზონაშია მოქცეული.
down detector-ზე ამ დროისათვის ფეისბუქის პრობლემა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა.
გამოცემა Techtimes-ის განმარტებით, ვინაიდან პრობლემა „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ ერთდროულად დაფიქსირდა, საქმე გვაქვს იმ სერვერების გაუმართაობასთან, საიდანაც პლატფორმები იმართება.
ფიესბუქს ოფიციალური კომენტარი სერვერების გაუმართაობასთან დაკავშირებით, ჯერ არ გაუკეთებია.