„ფეისბუქი“ აღიარებს, რომ მომხმარებლების საუბრებს უსმენდა
„ფეისბუქი“ აღიარებს, რომ მომხმარებლების საუბრებს უსმენდა

„ფეისბუქი“ აღიარებს, რომ მომხმარებლების საუბრებს უსმენდა. ამის შესახებ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მესვეურები ოფიციალურ განცხადებაში წერენ. განცხადება საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგმა“ 13 აგვისტოს გაავრცელა.

„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აღიარებს, რომ მომხმარებელთა აუდიოგზავნილების გასაშიფრად სხვადასხვა კომპანიის მომსახურებით სარგებლობდა. ამასთან სოციალურ ქსელში ამბობენ, რომ კლიენტების საუბრების მოსმენა და ჩაწერა, მხოლოდ მომხმარებელთა თანხმობით ხდებოდა და ამჟამად „ფეისბუქი“ ასეთ პრაქტიკას აღარ მიმართავს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა ანონიმური აუდიო გზავნილების გაშიფვრით „ფეისბუქი“ საკუთარი პროგრამის „ჩატ ბოტის“ეფექტურობას სწავლობდა.

„ისევე როგორც კომპანია „გუგლმა“ და „ეფლმა“ ჩვენც შევწყვიტეთ მომხმარებელთა აუდიო ჩანაწერების ანალიზი და ამას უკვე ერთ კვირაზე მეტია აღარ ვაკეთებთ“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში განმარტეს, რომ აუდიო გზავნილების გაშიფვრის მიზანი „სარეკლამო განცხადებების მომხმარებელთა მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგება იყო.“

ამასთან ერთად, როგორც „ბლუმბერგს“ სოციალური ქსელის თანამშრომლებმა უთხრეს, მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია აუდიო ჩანაწერების წარმომავლობის და არც ის იცოდნენ რატომ ხდებოდა მათი გაშიფრვა. „ფეისბუქმა“ მომხამრებლებს არც იმის შესახებ შეატყობინა, რომ მათი საუბრების ჩანაწერები შესაძლოა მესამე პირის ხელში აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ აპრილში მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ მხრიდან მომხმარებელთა საუბრების ფარული მიყურადების შესახებ გავრცელებული ცნობა „შეთქმულების თეორიაა“.

ივლისის ბოლოს აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა „ფეისბუქი“ მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუცველობის გამო 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს.