"ფეიკ" პროფილების ამოცნობა და შეტყობინებების დაიგნორება - ფეისბუქის ახალი ფუნქცია
ფეისბუქმა ახალი ფუნქციის ჩაშვება დაანონსა, რომლის მეშვეობითაც სოციალურ ქსელში შემაწუხებელ პროფილებს ამოვიცნობთ.
ახალი ფუნქციის დახმარებით, ფეისბუქი ისეთი ადამიანების პროფილებს ამოიცნობს, რომელიც უკვე დავბლოკეთ და ახლა უკვე, სხვა ექაუნთიდან ცდილობენ ჩვენთან დაკავშირებას. ახალი ფუნქცია ერთდროულად გააქტიურდება, როგორც მესენჯერში, ისე ფეისბუქზე.
მესენჯერში, ასევე გვექნება საშუალება დავაიგნოროთ კონკრეტული პროფილებიდან გამოგზავნილი შეტყობინებები, ამგვარად, მათ გზავნილებს თავიდან ავიცილებთ.
“ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ სოციალურ ქსელში ძალადობის შემცველი და შემაწუხებელი კონტენტის დაბლოკვაზე. ახალი ფუნქციები მომხმარებელს დაეხმარება თავიდან აირიდოს მომაბეზრებელი კონტაქტები და ფეისბუქის გამოყენება უფრო სასარგებლო გახადოს”, – ვკითხულობთ ფეისბუქის განცხადებაში.
ფეისბუქის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ათასობით “ფეიკ” პროფილი იქმნება. ახალი ფუნქციების დახმარებით კი, მათი უმრავლესობა გაუქმდება. ასევე, “ფეიკ” პროფილების შემთხვევაში, მათი მფლობელების ვინაობას ის ადამიანები გაიგებენ, რომელსაც ესა თუ ის “ფეიკ” პროფილი აწუხებს.
ფეისბუქი “ფეიკ” პროფილების ამოსაცნობად მომხმარებლების IP მისამართ გამოიყენებს. ამ გზით, სოციალური ქსელი იმ მომხმარებლებს ამოიცნობს, რომელიც უკვე დავბლოკეთ, თუმცა ახლა, ახალი პროფილით ცდილობენ ჩვენთან დაკავშირებას.
ასევე, ფეისბუქი ამატებს ახალ ფუნქციას, რომლის დახმარებითაც მესენჯერში გამოგზავნილი შეტყობინების წაკითხვის შემთხვევაშიც კი, გზავნილის ავტორი ვერ გაიგებს, წავიკითხეთ თუ არა მისი წერილი. ეს ფუნქცია უკვე მოქმედებს აშშ-ში და მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდება.