ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ევროპული სტანდარტი ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა
ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ევროპული სტანდარტი ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა

საქართველოს ცემენტის ასოციაცია მეშვიდე ფარული ტესტირების შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ ექვსი კომპანიის ცხრა პროდუქტმა (32%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. ცხრა ნიმუშიდან ოთხი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა.

შემოწმებული 28 ნიმუშიდან 19-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან ხუთმა კი, 28 დღის შემდეგ, შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

„აღსანიშნავია, რომ იმ ექვსი კომპანიიდან, რომელთა პროდუქციამაც გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი, სამი მათგანი ცემენტის წარმოებისთვის მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო მათი წილი ჯამური წარმოებული ცემენტის მოცულობის 70% შეადგენს, ხოლო დანარჩენი 19 პროდუქტი, რომლებმაც შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლებელზე დაბალი შედეგი აჩვენეს, სრულად წარმოებულია იმპორტირებული კლინკერით“, – აცხადებენ საქართველოს ცემენტის ასოციაციაში.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოს ცემენტის ასოციაციის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, სადაც სააგენტოს გადასცეს კვლევის შედეგები და ასევე გააცნეს საქართველოს ცემენტის ბაზარზე არსებული სავალალო მდგომარეობა.

2019 წლის 15 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.