„ფაქტ-მეტრი“ - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, სიმართლეა
„ფაქტ-მეტრი“ - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, სიმართლეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სიმართლეა, – ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ (Factcheck.ge) წერს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე ნორვეგიამ, კორეამ, იაპონიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ… რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები აამოქმედეს. სანქციები ძირითადად სამხედრო, საბანკო-საფინანსო, ავია და ენერგეტიკულ სფეროებს შეეხო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 2022 წლის 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა. მოგვიანებით, მთავრობის პოზიცია დაზუსტდა და სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური პოზიცია შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ქვეყანა ოფიციალურად დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და რუსეთს ორმხრივ სანქციებს თავად არ უწესებს, თუმცა „განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს“.

22 თვის განმავლობაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე, სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ საეჭვო ინფორმაცია ფაქტებით არ დადასტურებულა.

გარდა იმისა, რომ სანქციების დარღვევის კონკრეტული შემთხვევა არ გამოვლენილა, ბრალდების დამადასტურებელი ირიბი მტკიცებულებებიც არ არსებობს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი და ტრანზიტი ნახტომისებურად არ გაზრდილა, უფრო მეტიც, 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტი მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში (რუსეთის გარდა) 5-ჯერ უფრო მაღალი ტემპით არის გაზრდილი, ვიდრე საქართველოდან რუსეთში.

სანქციების აღსრულების მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიბლოკა, აგრეთვე ისიც, რომ სანქციების გამკაცრების მომენტიდან, 2023 წლის აგვისტოდან რუსეთში ავტოექსპორტი ეტაპობრივად პრაქტიკულად შეწყდა.

თითქმის ორწლიან პერიოდში ყველაზე დიდ პრობლემად შეიძლება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენის აღდგენაზე დათანხმება და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა მივიჩნიოთ. პირდაპირი ფრენები სანქციების დარღვევას არ ნიშნავს, თუმცა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელთან თავსებადობის ვალდებულებაც საქართველოს გააჩნია, ეწინააღმდეგება. უფრო საყურადღებო ფარცხალაძის ქეისია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გამონაკლისთან. ფაქტობრივი მტკიცებულებებით დადასტურებული არც ისაა, მოახერხა თუ ვერა ფარცხალაძემ საგამონაკლისო წესით სარგებლობა. კომერციული ბანკების მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ – ვერა. ცალკეული ბუნდოვანი განცხადებების მიუხედავად, რომლებიც პერიოდულად ვრცელდებოდა, საქართველოს მხრიდან სანქციების დარღვევის კონკრეტული ფაქტი მაინც არ გამოვლენილა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, როგორც სიმართლე.

ანალიზი: 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა: „რამდენიმე თვის წინ მაღალი დონის დელეგაცია იყო საქართველოში ჩამოსული, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი, ბატონი ობრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, ან არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების ასარიდებლად ჩვენი ქვეყნის გამოყენების“.

2022 წლის 21 თებერვალს რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი უკრაინაში ღიად შეიჭრა, რის საპასუხოდაც ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესეს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს აგრეთვე: ნორვეგიამ, კანადამ, კორეამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ…

საქართველომ უკრაინაზე თავდასხმა დაგმო, თუმცა ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  საქართველო სანქციებთან მიერთებას არ გეგმავდა. პრემიერმა გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივითა და შესაძლო ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნებით ახსნა.

„სანქციების არდაწესება“ და „სანქციების დარღვევა“ განსხვავებული ცნებებია. საქართველომ რუსეთს ცა არ ჩაუკეტა, რაც სანქციების არდაწესების მაგალითად შეიძლება დასახელდეს, თუმცა ეს არ ყოფილა სანქციის დარღვევა, სანქციის დარღვევა იქნებოდა, თუ საქართველო რუსეთს სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთებს მიაწვდიდა. გასული 22 თვის განმავლობაში მსგავსი ფაქტი არ დადასტურებულა.

პრემიერის განცხადების მიუხედავად, საბანკო სფერო ფაქტობრივად თავიდანვე მიუერთდა სასანქციო რეჟიმს. ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და MASTER CARD ბარათები დაიბლოკა, სანქცირებულ პირებს საქართველოში ანგარიშის გახსნა აეკრძალათ, რუსული VTB ბანკიც იძულებული გახდა პორტფელის დიდი ნაწილი „ბაზის ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკისთვის“ მიეყიდა.

ეროვნული ბანკის გარშემო სკანდალი ომის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში მას შემდეგ აგორდა, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, თავისავე გამოცემულ 4 აგვისტოს ბრძანებაში 19 სექტემბერს ცვლილებები შეიტანა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ფარცხალაძე იმ დროისთვის ორმაგი (საქართველოსა და რუსეთის) მოქალაქეობით სარგებლობდა. საგამონაკლისო წესი მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე გავრცელდა. ბრძანებაში ცვლილებას წინ მმართველი გუნდის რიტორიკის ცვლილება უძღოდა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოს გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის ანგარიშების დაყადაღება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ბრძანებაში ცვლილებამ ბაზარზე მცირე პანიკა გამოიწვია. კომერციული ბანკების ინდივიდუალური განცხადებების შემდეგ, რამდენიმე დღეში სიტუაცია დასტაბილურდა. უფრო ვრცელი მასალა იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

თუ არ ჩავთვლით ფარცხალაძის ქეისს, სადაც დღემდე არ არის დადასტურებული, ისარგებლა თუ არა სანქცირებულმა პირმა პრივილეგიით (კომერციული ბანკების მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ – ვერა), სანქციების დარღვევის ან გვერდის ავლის მტკიცებულებები არ არსებობს.

კონკრეტული ფაქტის გამოვლინების გარდა, სანქციების დარღვევაზე ეჭვი შეიძლება ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე, მაგალითად, ექსპორტის ან ტრანზიტის არაპროპორციულად, ნახტომისებურად ზრდის შემთხვევაში გაჩნდეს. რეალობა პირიქითაა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი სულ 10%-ით გაიზარდა, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში (ჯამში) კი – 52%-ით. შესაბამისად, რუსეთის წილიც მთლიან ექსპორტში 14.4%-იდან 10.8%-მდე შემცირდა. თუ 2021 წელს რუსეთი N2 საექსპორტო პარტნიორი იყო, 2023 წელს მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა“, – აღნიშნულია „ფაქტ-მეტრის“ დასკვნაში.