„ფაინენშალ თაიმსი“ - უკრაინის მოკავშირეები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაში ჩინეთის მონაწილეობას კონსტრუქციულს უწოდებენ
უკრაინის მოკავშირეები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაში ჩინეთის მონაწილეობას კონსტრუქციულს უწოდებენ. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ჩინეთმა მიანიშნა, რომ მზად არის, უკრაინაში ომის დარეგულირების საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, შეხვედრა ჯიდაში კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა, თუმცა შეხვედრაში ჩინეთის მონაწილეობა აღქმული იქნა, როგორც გარდატეხა კიევის მხარეს და ღონისძიების მთავარი მოვლენა.
მანამდე ჩინეთმა უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე კოპენჰაგენში გამართულ მსგავს მოლაპარაკებებში.
„ჩინეთის მონაწილეობა აჩვენებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება“, – განაცხადა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
სხვა ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი შეხვედრაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და დადებითად განეწყო ასეთი დონის მესამე შეხვედრის გამართვის იდეის მიმართ.
თავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობას „სუპერგარღვევა“ უწოდა.
საუდის არაბეთში კიევის „მშვიდობის ფორმულის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებით შეხვედრა 5-6 აგვისტოს გაიმართა. მოლაპარაკებებში დაახლოებით 40 ქვეყნის ლიდერის ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილა მიწვეული რუსეთი.