Facebook-მა და Instagram-მა რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში ჩართული გვერდები წაშალა, რომელთა ნაწილი საქართველოშიც მოქმედებდა
Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელებიდან რუსეთთან დაკავშირებული ათეულობით გვერდი წაშალა.
როგორც სოციალური ქსელების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ამ გვერდების უმეტესობა რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლებს ეკუთვნოდათ. მათივე ცნობით, გვერდები სოციალურ ქსელში შეუსაბამო ქცევით გამოირჩეოდა და რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში იყო ჩართული.
„დღეს ჩვენ Facebook-იდან წავშალეთ 364 გვერდი და ანგარიში, რომლებიც კოორდინირებულად და შეუსაბამოდ იქცეოდნენ ქსელში. ამ ქცევის გამომწვევი ანგარიში რუსეთშია რეგისტრირებული, ხოლო სხვა გვერდები მოქმედებდნენ ბალტიისპირეთში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამას გარდა, აშშ-ის სამართალდამცველი უწყებების ინფორმაციის საფუძველზე, Facebook-იდან წაშლილია 107 გვერდი, ჯგუფი და ანგარიში, ხოლო Instagram-იდან 41 გვერდი, რომლებიც რუსეთთან იყვნენ დაკავშირებულნი და უკრაინაში მოქმედებდნენ“, – წერია პრესრელიზში.
Facebook-ის ცნობით, ამ გვერდებს სოციალურ ქსელში 180 000-დან 790 000-მდე მომხმარებელი და გამომწერი ჰყავდა. ამ გვერდების მფლობელთა მიერ რეკლამაზე დახარჯულმა თანხამ 135 000 დოლარს გადააჭარბა. გვერდების უმეტესობა ნატო-ს საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა, ასევე ავრცელებდა ინფორმაციას საპროტესტო მოძრაობებისა და კორუფციის შესახებ.
სოციალური ქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ აღნიშნული გვერდების გარშემო მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმირებულნი არიან აშშ-ის სამართალდამცავი უწყებები, კონგრესი და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე იმ ქვეყნების პოლიტიკოსები, რომლებშიც ეს გვერდები მოქმედებდნენ.
პრესრელიზში ჩამოთვლილია რამდენიმე გვერდი, რომლებიც დღეს სოციალური ქსელებიდან წაშალეს.