Facebook-მა აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ათობით საეჭვო ანგარიში დაბლოკა
Facebook-მა აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ სავარაუდოდ უცხო სახელმწიფოებთან დაკავშირებული ათობით საეჭვო ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ ნათქვამია Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სულ დაბლოკილია 115-მდე ანგარიში. როგორც კომპანიის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლეიჩერმა განაცხადა, საეჭვო ანგარიშების შესახებ Facebook-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აცნობა. აღსანიშნავია, რომ საეჭვო ანგარიშების ნაწილი რუსულ და ფრანგულ ენებზე იყო.
„აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა გვაცნობეს მათ მიერ აღმოჩენილი ონლაინაქტივობის შესახებ, რომელიც, როგორც ისინი მიიჩნევენ, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს უცხოურ სუბიექტებთან. ჩვენ დაუყოვნებლივ დავბლოკეთ ეს ანგარიშები და ახლა უფრო დეტალურ გამოძიებას ვაწარმოებთ“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში სოციალური ქსელი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილებას მხოლოდ მათი შემოწმების შემდეგ მიიღებდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩენილია ერთი დღე, კომპანიამ განსაკუთრებულ ზომებს მიმართა.
დღეს აშშ-ის მოქალაქეები კონგრესისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წევრებს, ასევე გუბერნატორებს ირჩევენ.
მანამდე, აშშ-ის იუსტიციის მდივანმა საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნავენ, რომ რუსეთი და სხვა ქვეყნები აგრძელებენ ამერიკელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობებს.