Facebook-ი - Cambridge Analytica-ს 87 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები აქვს
Facebook-ი - Cambridge Analytica-ს 87 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები აქვს

Facebook-ი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica-მ სოციალური ქსელის 87 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემები უკანონოდ გამოიყენა. როგორც BBC წერს, ეს ციფრი ბევრად მეტია, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

მათივე ცნობით, აქედან 1,1 მილიონი ბრიტანეთში მცხოვრებია.

„მივიჩნევთ, რომ Cambridge Analytica-ს Facebook-ის 87 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები აქვს. მათი უმრავლესობა აშშ-ში ცხოვრობს”- ნათქვამია სოციალური ქსელის ტექნიკური დირექტორის მაიკ შროეპფერის განცხადებაში.

მანამდე კი მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ „კემბრიჯ ანალიტიკას“​ სკანდალთან დაკავშირებით Facebook-მა შეცდომები დაუშვა.

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ გაატარებს ცვლილებებს, რომლებიც დაინტერესებული პირებისთვის მომხმარებელთა ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას უფრო რთულს გახდის.

„კემბრიჯ ანალიტიკას“​ მხრიდან Facebook-ის ნდობის ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ასევე ჩვენი მომხმარებლების ნდობით ბოროტად სარგებლობა გამოვიდა Facebook-ის მხრიდანაც, რომლებიც საკუთარ მონაცემებს გვიზიარებდნენ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგის თქმით, ის, როგორც სოციალური ქსელის სულისჩამდგმელი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ამ პლატფორმაზე ხდება.

უფრო ადრე Cambridge Analytica-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ნიქსი თანამდებობიდან გადააყენა.

როგორც BBC წერს, მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა.

საქმეზე გამოძიება 18 მარტს დაიწყო.

იმის შესახებ, რომ ევროკავშირი Facebook-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოიძიებს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

ბრალდების თავდაპირველი ვერსიით, 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში Facebook-მა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად სოციალური ქსელის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ანგარიში მათი ინფორმირების გარეშე გამოიყენა.