ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის კომპოზიტორის კონკურსის შედეგები ცნობილია
ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის კომპოზიტორის კონკურსის შედეგები ცნობილია

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსისთვის კომპოზიტორის კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, 200-ზე მეტი სიმღერა შემოვიდა. სიმღერის შერჩევის პროცესი სამი ტურისგან შედგებოდა. პირველი ტურის შედეგად შეირჩა 50 სიმღერა, მეორე ტურის შემდეგ 12, მათგან საუკეთესოები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.

გამარჯვებული ავტორები არიან: ლევან ბაშარული, რომა გიორგაძე, თამარ ბაბილუა.

 

ლევან ბაშარული

ლევან ბაშარული

ლევან ბაშარული 1985 წლის 17 ივლისს ქალაქ თბილისში დაიბადა. მუსიკისადმი ინტერესი მან ადრეული ასაკიდან გამოავლინა. 3 წლის ასაკში დამოუკიდებლად დაიწყო ცნობილი მელოდიების ფორტეპიანოზე გაჟღერება.

1992-1999 წლებში მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა. შემდეგ კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის სპეციალობით, პროფესორ ზურაბ ნადარეიშვილის კლასში.

ლევან ბაშარული მონაწილეობდა თანამედროვე მუსიკალურ კონცერტებსა და ფესტივალებში. ამავე პერიოდში მან ფრიდრიხ გოლდმანის მიერ ბერლინში ჩატარებული მასტერკლასებიც გაიარა.

2004 წელს გახდა დავით თორაძის სახელობის სტიპენდიატი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ შექმნა მუსიკა სპექტაკლებისთვის „ანტიგონე” და „დამნაშავედ არ დავბადებულვარ”. ეს ახალგაზრდა მუსიკოსისთვის ის ინსპირაცია აღმოჩნდა, რომელმაც კინომუსიკის კომპოზიციის მიმართულებით გერმანიაში სწავლის გაგრძელება გადააწყვეტინა.

2014 წელს ლევან ბაშარულმა მიუნხენის უმაღლესი მუსიკალური სკოლა დაამთავრა. სწავლის პარალელურად აქტიური იყო შემოქმედებით სფეროშიც.

2012 წელს ლევანმა გერმანიის ტელეკომპანიისგან (ZDF) მიიღო შეთავაზება, რომელიც რეჟისორ სტანისლავ გიუნტერის სრულმეტრაჟიანი კინოფილმისთვის Nemez მუსიკის შექმნას გულისხმობდა.

ლევან ბაშარულს ეკუთვნის მუსიკა შემდეგი ფილმებისა და სპექტაკლებისთვის: გიორგი აბაშიშვილის „ყველაფერი ადამიანებზე”, „გალლი თეატრის” სპექტაკლები – „მშვენიერი ქალი” და „ევა და ლილიტი”, „ლუის ტრენკერი. სიმართლის ვიწრო ბილიკი“, ტელესერიალი „Marie fängt Feuer” (2 სერია).

2015 წელს ლევან ბაშარული წარგენილი იყო გერმანიის კინომუსიკის ჟანრში წლის მთავარი დაჯილდოების ცერემონიაზე Deutscher Filmmusikpreis, წლის საუკეთესო კომპოზიტორის ნომინაციაში. ის არის გერმანიის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

 

რომან გიორგაძე

რომან გიორგაძე

რომან გიორგაძე 1982 წლის 7 ივნისს ქუთაისში დაიბადა. 1997-2001 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში. მიიღო ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, 2006-2008 წლებში ამავე კურსის მაგისტრის ხარისხი.

2004 წლიდან ევგენი მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგია. ასევე, 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, ხმის რეჟისორის პოზიციაზე.

2015 წლიდან დააარსა ხმის ჩამწერი სტუდია „მაესტრომანი”.

ბოლო პროექტებიდან აღსანიშნავია: ანსამბლ „ბასიანის” ორი აუდიოდისკი, რომელშიც შევიდა 50-მდე ხალხური სიმღერა და საგალობელი, ანსამბლ „რუსთავის” აუდიოდისკი, გია ყანჩელი და The Georgian Six – „გზა ისევ შორია”.

რომან გიორგაძე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ არტისტთან, როგორც სიმღერისა და არანჟირების ავტორი. წერს მუსიკას ფილმების, სატელევიზიო გადაცემებისა და რეკლამებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან ის აქტიურად არის ჩართული როგორც საბავშვო, ასევე დიდების ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პროექტში.

 

თამარ ბაბილუა (ბაბი)

 

თამარ ბაბილუა (ბაბი)

მუსიკასთან კავშირი საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. 3 წლის ასაკიდან უკრავს ფორტეპიანოზე. 6 წლის ასაკში სწავლა ფოთის ა.ხორავას სახელობის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო. 2002 წელს მან წარმატებით დაამთავრა ა.ხორავას სამუსიკო სკოლა და ჩაირიცხა ოთარ თაქთაქიშვილის სამუსიკო სასწავლებელში.

ბაბი სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებში და მოგებული აქვს ისეთი კონკურსები, როგორიცაა „ნორჩ პიანისთა რესპუბლიკური კონკურსი” , „ოქროს როიალი”, „რახმანინოვის კონკურსი”, „ალ. პროკოფიევის კონკურსი”, „ოქროს ტალღა” და სხვა.

არის 36 რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი. 2003-2005 წლებში ის აქტიურად ატარებდა სოლო-კონცერტებს. მათ შორის არის 2004 წლის კონცერტიც, სადაც ქ.თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მან ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, რახმანინოვისა და გრიგის ნაწარმოებები შეასრულა.

2005 წელს წარმატებით დაამთავრა ო. თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის პროფესიული განათლების კურსი ფორტეპიანოს პედაგოგისა და კონცერტმეისტერის განხრით.

2013 წლიდან დღემდე „ბასტი-ბუბუს” ვოკალის პედაგოგია. წერს სიმღერებს, ქმნის მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობს არტისტებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და მუსიკალურ ბენდებთან, როგორც პიანისტი და კომპოზიტორი. ასევე, 2013 წლიდან ბაბი „თინ ქლაბის” კონცერტმეისტერია.

2014 წლიდან ბენდ „ნიუტონის” პიანისტი და ვოკალისტია. არის ნინა სუბლატის ალბომის კომპოზიტორი.

2016 წლის 29 მარტს მან საქართველოს ეროვნული გინესის რეკორდი დაამყარა, რომელიც ფორტეპიანოზე ხანგრძლივად დაკვრას გულისხმობს.