„ევროსტატის“ მონაცემებით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12,1 პროცენტით შემცირდა
„ევროსტატის“ მონაცემებით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12,1 პროცენტით შემცირდა

ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12,1 პროცენტით, ევროკავშირის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი კი 11,9 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ „ევროსტატმა“ განაცხადა.

„ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნები მას შემდეგ, რაც დაიწყო შესაბამისი მონაცემების დამუშავება 1995 წელს“, – ამბობენ „ევროსტატში“.

ევროკავშირის იმ წევრებს შორის, რომელთა შესახებაც „ევროსტატმა“ მიიღო ეკონომიკური მონაცემები, მეორე კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ესპანეთში – 18,5 პროცენტი. შემდეგ მოდიან პორტუგალია (–14,1 პროცენტი) და საფრანგეთი (–13,8 პროცენტი). ყველაზე ნაკლები ვარდნა დაფიქსირდა ლიეტუვაში (–5.1 პროცენტი). იტალიაში შემცირების მაჩვენებელი 12,4 პროცენტია, ხოლო გერმანიის ეკონომიკა 10,1 პროცენტით შემცირდა.

ეკონომიკის კომისარმა, პაოლო ჯენტილონიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საშინელი ციფრები ადასტურებს „კოვიდ-19“-ის უპრეცედენტო ეკონომიკურ შედეგებს, რაც გავლენას ახდენს ევროპის ყველა ქვეყანაზე. Capital Economics-ის წარმომადგენლის, ენდრიუ კენინგჰემის აზრით, მონაცემები ნაკლებად იმედის მომცემია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის ნაწილი გამოცოცხლდა, უკვე მიყენებული ზიანი, ვირუსის ახლანდელ და მომავალ პოტენციურ ზემოქმედებასთან ერთად ნიშნავს, რომ აღდგენის პროცესი მტკივნეულად ნელი იქნება“, – აცხადებს ენდრიუ კენინგჰემი.

„ევროსტატი“ მეორე კვარტალის განახლებულ შეფასებებს 14 აგვისტოს გამოაქვეყნებს.