„როიტერი“ – „ევროსტატის“ მონაცემებით, ევროზონის ეკონომიკა 2023 წლის პირველ კვარტალში ტექნიკურ რეცესიაში შევიდა

19:13, 09.06.2023

ევროზონის ეკონომიკა 2023 წლის პირველ კვარტალში ტექნიკურ რეცესიაში შევიდა. ამას აჩვენებს ევროპის სტატისტიკის სააგენტოს, „ევროსტატის“ მონაცემები.

„ევროსტატის“ მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროზონის მშპ 0,1%-ით შემცირდა 2022 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, როდესაც მშპ ასევე 0.1%-ით შემცირდა. ზედიზედ ორ კვარტალში მშპ-ის შემცირება ტექნიკურ რეცესიად მიიჩნევა.

ამასთან, ეკონომისტები პროგნოზირებენ მიმდინარე წლის დარჩენილ სამ კვარტალში 0,2-პროცენტიან ზრდას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს კიდევ 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის. ამგვარად, რეფინანსირების განაკვეთი უპრეცედენტო, 3,75%-იან ნიშნულამდე გაიზრდება.

გერმანიის სტატისტიკის ოფისი ასევე აჩვენებს, რომ ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკა 2023 წლის დასაწყისში რეცესიაში იყო. ირლანდიის ეკონომიკა 4,6%-ით შემცირდა, მოსალოდნელი 2,7%-ის ნაცვლად. გერმანიასა და ირლანდიასთან ერთად, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ შემცირდა საბერძნეთში, ლიეტუვაში, მალტასა და ნიდერლანდებში.

მსგავსი