„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხვალ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრას გეგმავენ
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხვალ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრას გეგმავენ

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრას გეგმავენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიაში განუცხადეს, „ევროპულმა საქართველოს“ წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ხვალ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს შეხვდნენ.

„ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად, რომლის სახელსაც უკავშირდება ბავშვებისთვის თვალების დათხრა, პირდაპირ არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა და პირდაპირ თქმა, რომ საზოგადოების აზრს მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ასეთი ქმედება გიბიძგებს, რომ კითხვებისა და განხილვების დონეზეც კი არ მიიღო მონაწილეობა ასეთ მთავრობასთან. ეს იყო მიზეზი, რომ ჩვენ არ ვესწრებოდით კომიტეტის მოსმენებს. მთავარი მიზეზი იყო, რომ კომიტეტებზე არ იყო გახარია. ხვალ არის ფორმატი, რომელსაც თვითონ ადგენს „ევროპული საქართველო“, რადგან მისი სამი ფრაქცია მოისმენს მთავრობის პასუხებს ჩვენს კითხვებზე. ამ შეხვედრას დაესწრება უკვე პრემიერ-მინისტრი. საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გახარიასთან და ჩვენ ჩათვალეთ ვალდებულებად, რომ ეს კითხვები გახარიას დავუსვათ. კომიტეტის სხდომებზე დღის წესრიგს განსაზღვრავს უმრავლესობა. იქ არ იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ხვალ დღის წესრიგს განსაზღვრავს „ევროპული საქართველო“. „ევროპული საქართველო“ დაუსვამს გახარიას იმ კითხვებს, რომელსაც ხალხს აქვს, განსაკუთრებით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ, შევიზღუდო თავი და ვთქვა, რომ სხვა კითხვები სხვებთან არ მექნება, მაგრამ ძირითადად გახარიაც კი ნომინალური ფიგურაა. ის ივანიშვილის დასმულია ამ თანამდებობაზე. როგორც კი მოუნდება, გაუშვებს. ამ ფონზე საუბარი ღარიბაშვილზე, ციხელაშვილზე უბრალოდ სასაცილოა, მაგრამ ფორმატი გვაჩვენებს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ამასთან, ხვალ ფრაქციის ფორმატის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებთან შეხვედრაც იყო დაგეგმილი, თუმცა პოლიტიკური ბოიკოტის ნიშნად, „ნაციონალებმა“ უარი განაცხადეს.