„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, მომავალი წლის ბიუჯეტში ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირება აისახოს
„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდეს და ეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახოს.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის სესიაზე დღეს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ ისაუბრა.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა, სულ ახალი ინფორმაციაა. ეს ცხადია, ჩვენს ბაზარზეც აისახება ფასებზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, გაითვალისწინოს, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზრდილია და პრაქტიკულად რეკორდულ ნიშნულზეა ფასები.
ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს წინადადება, რომ ასახოთ აღნიშნული ინიციატივა ბიუჯეტის კანონში და დაუბრუნოთ აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე იმ ნიშნულს, რომელიც 2017 წლის პირველ იანვრამდე იყო. ეს გამოიწვევს პირდაპირ დაახლოებით 20-25 თეთრით ფასის შემცირებას, როგორც ბენზინზე, ისე დიზელზე“, – განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 300 მლნ ლარი, თუმცა, აღნიშნული თანხა დარჩება მოქალაქეებს, რომელთაც საწვავის ყიდვა გაზრდილი ფასის პირობებში ძალიან უჭირთ.