ოთარ კახიძე - არ არის კარგი, როდესაც ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი და გიგა ბოკერია არიან არანაკლებ გამოცდილი ფიგურები, რომლებიც გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეს ღირსეულად ჩაანაცვლებენ
ოთარ კახიძე - არ არის კარგი, როდესაც ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი და გიგა ბოკერია არიან არანაკლებ გამოცდილი ფიგურები, რომლებიც გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეს ღირსეულად ჩაანაცვლებენ

არ არის კარგი, როდესაც ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ არიან არანაკლებ გამოცდილი ფიგურები, რომლებიც გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეს ღირსეულად ჩაანაცვლებენ, ვგულისხმობ აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს და გიგა ბოკერიას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

პარტიის ყრილობის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ყოფილი თანაგუნდელების, გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებმაც „ევროპული საქართველო“ დატოვეს.

მისივე თქმით, დავით ბაქრაძის პარტიიდან წასვლის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ თავად გიგა ბოკერიას კანდიდატურას უჭერს მხარს.

„ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუგადაბრალებას და ეს განხილვები არ მიმაჩნია ზოგადად ლამაზად. რაც შეეხება მათ წასვლას არ არის კარგი, როდესაც პარტიას ვინმე ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენს პარტიაში, რომლებიც მოახერხებენ მათ ღირსეულად ჩანაცვლებას, ვგულისხმობ აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, ყველაზე დიდი სტაჟის მქონე პარლამენტარებს და ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებს, ასევე გიგა ბოკერიას, რომელსაც მე განვიხილავ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება საერთო პოზიცია. ვთვლი, რომ ის არის გამორჩეული ფიგურა თავისი პრინციპულობით, პირველ რიგში, თანმიმდევრულობით და იმ ღირებულებების ერთგულებით, რომელსაც ეფუძნებოდა ზოგადად „ვარდების რევოლუცია“ 2003 წელს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოცდილი პოლიტიკოსების ნაკლებობა არასდროს ჰქონია.

„ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული ფიგურები. არასდროს ჰქონია „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოებისთვის ცნობილი გამოცდილი პოლიტიკოსების ნაკლებობა. ამიტომ, დანაკლისი, რომელიც ნამდვილად სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას მოუტანენ ძალიან ბევრ სიახლეს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლებთან ახლო კომუნიკაცია“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, კითხვაზე – რის გამო მოხდა პარტიის დაყოფა და დაპირისპირება, კახიძე ამბობს, რომ ამბობს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პარტიაში დაპირისპირება არსებობდა.

„დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ამ საკითხების განხილვას არ ვთვლი მიზანშეწონილად, რადგან ეს მაინც გამოიწვევს ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარს. დაპირისპირებები არსებობდა, ეს იყო საჯარო და მათ შორის ჩემსა და გიგის შორისაც იყო პრობლემები, რომლებიც საჯარო განხილვის თემა გახლდათ. ოღონდ, არ მინდა, ამ საკითხებს მივუბრუნდე და ხელის გაშვერა დავიწყო ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელთანაც მაკავშირებს საერთო ბრძოლა და საერთო გამოცდილება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დავით ბაქრაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე და ამასთან, ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას.

„ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამაც, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“.

დატოვე კომენტარი