ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში სოფლების ინტერნეტიზაციისთვის 34 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი აღდგენის ხელშეწყობის საკითხში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოების ხელმძღვანელებს უერთდება. გასულ დღეს გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროპის საინვესტიციო ბანკმა ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რეგიონში რამდენიმე ინვესტიციის ჩადებას მოაწერა ხელი.
ინვესტიციები მოიცავს ჯამში 171 მილიონ ევროს, რომელშიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საინვესტიციო ბანკის სესხები და ევროკავშირის გრანტებია გათვალისწინებული.
აღნიშნული ინვესტიციები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ხელს შეუწყობს გაციფრულების, ენერგოეფექტურობის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის და განათლების განვითარებას. ამასთან ერთად, ინვესტიციები ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიისგან მცირე და საშუალო ბიზნესის აღდგენისთვის ახალი წყაროების მოძიებას.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ცნობით, საინვესტიციო ბანკის აქტივობა მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შექმნილი ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც 2021 წლის ივლისსში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა.
საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის, ვერნერ ჰოიერის განცხადებით, ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ახლახან განხორციელდა, აძლიერებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და „ევროპის გუნდის“ ძალისხმევას, პარტნიორობის მდგრადი და სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის.
მისი თქმით, „ევროპის გუნდი“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მომავალი თაობისთვის უსაფრთხო, წარმატებული და მწვანე გარემოს შექმნაში საერთო ხედვას იზიარებენ, რომელიც ასევე მოიცავს სამუშაო ადგილების, უსაფრთოხებისა და სუფთა გარემოს განვითარებას.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროპის საინვესტიციო ბანკი სთავაზობს გრძელვადიან დაფინანსებას, რომლის გარანტი თავად ევროკავშირია, ისევე როგორც ტექნიკურ რჩევებს საბანკო პროექტების მოსამზადებლად.
მათივე ცნობით, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს 34 მილინი ევროს ინვესტირებას, რომელიც მოიცავს ძნელად მისადგომ სოფლებსა და რაიონებში მცხოვრები, დაახლოებით 500 ათასი ადამიანისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას. სესხით დაფინანსდება დაახლოებით ხუთი ათასი კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დამონტაჟება და საქართველოს ტელეკომის ოპერატორებისთვის ღია წვდომის ინტერნეტის ინფარსტრუქტურით უზრუნველყოფა.
„ინვესტიციები ხელს შეუწყობს საქართველოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის შესაძლებლობებს ახალი ბიზნესისთვის და გაზრდის კრიზისის მიმართ საქართველოს მდგრადობას. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მხარს დაუჭერს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის, კოვიდპანდემიისგან აღდგენის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და გაციფრულების დაფინანსებას.
2020 წლიდან საინვესტიციო ბანკმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის 1, 52 მილიარდი ევროს ღირებულების კრედიტი გამოყო ევროკავშირის პრიორიტეტებისა და ძირითადი ინვესტიციების მხარდასაჭერად. ინვესტიციები მოიცავს სამუშაო ადგილების სწრაფ შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის კოვიდპანდემიისგან აღდგენის მხარდაჭერას, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას, გაციფრულების, სწრაფი ინტენერნეტის გავრცელების ხელშეწყობას და რეგიონის მასშტაბით სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის პროექტების დაფინანსებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.