ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 400 000-მდე იყო, შარშან 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 400 000-მდე იყო, შარშან 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა

2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000-მდე იყო, შარშან 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში 53 მლნ ლარის პროექტები განხორციელდა, რაც გრძელდება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკვე აშენებულია 800 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით.

„მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო IT-კომპანიების მოსაზიდად. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი). შედეგად, დღეისათვის საქართველოში 100-ზე მეტი საერთაშორისო IT-კომპანია ოპერირებს; მათ შორისაა ისეთი მსხვილი, ყველასთვის ცნობილი კომპანიები, როგორებიც არის Rakuten-ი Viber-ი, Epam-ი, Lineate-ი და სხვა ძალიან ბევრი დიდი კომპანია. რა თქმა უნდა, წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერნეტიზაცია. 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000-მდე იყო. შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ასევე, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში 53 მლნ ლარის პროექტები განვახორციელეთ. ეს გრძელდება. უკვე აშენებულია 800 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ჯამში, 56 მილიონი ლარი დაიხარჯება და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელით, მათ შორის 1000-მდე სოფელი, მაღალმთიანი დასახლებები და ასე შემდეგ. მინდა, შეგახსენოთ, რომ წელს საქართველო გახდა რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც „სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.