ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ ევროს გამოუყოფს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენელს, სებასტიან ჰუსონ დე სამპინის, სტრატეგიული გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ლიზ ვაიდნერს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომელიც „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი (II)“-ის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე გამოყო. აღნიშნული დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში, დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის (მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით) და უბისა-შორაპანის სექციების მშენებლობა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ პროექტების განხორციელების შედეგად, შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, განვითარდება ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა. ასევე, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასაც, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გაფართოების იმედი გამოთქვა.