ევროპის საინვესტიციო ბანკი- გვინდა დავრწმუნდეთ, რომ „ნენსკრაჰესი“ გარემოსადმი მეგობრული პროექტია
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერა ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პირველი არხი დაინტერესდა, როგორ აფასებს ვაზილ ჰუდაკი „ნენსკრაჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ კრიტიკას.
„ნენსკრაჰესი დიდი პროექტია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს კერძო კომპანია, სამხრეთკორეული K-Water. ჩვენ ვაფასებთ პროექტს გარემოსდაცვითი და სხვა შენიშვნების კუთხით, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის გათვალისწინებით. ჩვენ არ ვართ პროექტის ერთადერთი დამფინანსებელი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან ერთად გვინდა დავრწმუნდეთ, რომ პროექტი გარემოსადმი მეგობრულია და რომ ინვესტორი ითვალისწინებს ყველა შენიშვნას, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ საზოგადოებას აქვთ“, – აღნიშნა ჰუდაკმა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პროექტზე საჯარო განხილვების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.
„გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციისთვისა და ელექტროენერგიის წარმოებისთვის“, – განაცხადა ჰუდაკმა.