ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრეს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ასამბლეის ზამთრის სესიის გახსნის დროს მიიღეს.
რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრეს ლიეტუვლმა ემანუელის ზინგერისმა და ლატვიელმა მარია გოლუბევამ, ამ მოთხოვნას საქართველოს დელეგაციაც შეუერთდა.
„ჩემი კოლეგების სახელით, მე გავასაჩივრებ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებას, შინაარსობრივ საფუძველზე. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც არღვევს ბალანსს საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთში აღარ იმოქმედებს. ამასთან, რუსეთს არც ერთი რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. გთხოვთ, შემომიერთდეთ ამ საჩივარში“, – განაცხადა ზინგერისმა.
ამასთან, ლატვიელმა გოლუბევამ რუსეთის უფლებამოსილება პროცედურულ საფუძველზე გაასაჩივრა. ამ საჩივრებმა ხმების საჭირო რაოდენობა დააგროვა, შედეგად კი რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით საჩივრები მონიტორინგის კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ორ დღეში გამოიტანოს.
მანამდე რუსეთის დელეგაცია ასამბლეაში მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა მას ხმის უფლება არ ექნება.