ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების რეფორმებს დადებითად აფასებს
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების რეფორმებს დადებითად აფასებს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) რიგით მესამე შეფასების ანგარიში საქართველოსთან მიმართებით.

მათივე ცნობით, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და დადებითად აფასებს ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, პროაქტიული გამოვლენის, სისხლის სამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის მიმართულებით.

„ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ რიგით მეორე შეფასების რაუნდის შემდეგ (2015 წ.) საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში და განაგრძო ამ მიმართულებით საკანონმდებლო და ინსტიტუციური ღონისძიებების განხორციელება.

GRETA-მ პოზიტიურად შეაფასა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რაც მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის დანაშაულის პრაქტიკაში სწორი კვალიფიკაციისა და მისი გამოვლენის მიზნით მტკიცებულებების შეგროვების ხელშეწყობას. ანგარიშში დადებითადაა აღნიშნული ამ დანაშაულის პროაქტიული გამოვლენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული შემოწმების სპეციალური მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ ტრეფიკინგის დანაშაულის რისკადგილებს.

ექსპერტთა ჯგუფი, ასევე, მიესალმება შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენის მიზნით შრომის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდას და შრომის ინსპექტორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. GRETA პოზიტიურად აფასებს, ასევე, ქვეყანაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის განვითარებულ სახელმწიფო სერვისებს, რომლებიც მოიცავს თავშესაფრებს და კრიზისულ ცენტრებს; სამართლებრივ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, სახელმწიფო კომპენსაციას.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის გაძლიერება, რომლის მიზანიც სამართალწარმოების პროცესში დანაშაულის მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობის გამარტივება, ინფორმირება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებაა.

GRETA  მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წელს ბავშვთა დაცვის (მიმართვიანობის) რეფერირების პროცედურების მიღებას, რომელმაც გააფართოვა ბავშვთა დაცვის სფეროში ჩართული უწყებების წრე, მათ შორის, მოიცვა მუნიციპალიტეტები. ექსპერტთან ჯგუფი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივ კოორდინირებულ მუშაობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. GRETA მიესალმება საკოორდინაციო საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმების მიღებას და აღნიშნავს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ამ სამოქმედო გეგმების შესრულების შეფასებას დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ექსპერტთა ჯგუფი პოზიტიურად აღნიშნავს საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებასაც.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გასაცნობად 2019 წლის 4-8 ნოემბერს იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდნენ როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე სახალხო დამცველის აპარატს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ექსპერტები, ასევე, ეწვივნენ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ქვეყანაში არსებულ თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.