29 იანვარს ტელესკოპის დამცავი საფარი გაიხსნა და მისი ხელმძღვანელი ჯგუფიც სუნთქვაშეკრული ელოდებოდა, როდის გადაიღებდა აპარატი პირველ ფოტოებს, რითაც დადასტურდებოდა, რომ ტელესკოპი სათანადოდ მუშაობს და გაშვებისას არაფერი დაზიანებულა.
CHEOPS-ის მისიის მთავარი მკვლევრის, ბერნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორ ვილი ბენცის განცხადებით, ეკრანზე პირველი ფოტოების გამოჩენა მათთვის გადამწყვეტი იყო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ რაკეტით გაშვებისას ტელესკოპის ოპტიკა არ დაზიანებულა.
„როდესაც ეკრანზე ვარსკვლავებით მოჭედილი პირველი ფოტოები გამოჩნდა, უმალ ნათელი გახდა, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვსურდა“, — ამბობს იგი.
პირველმა ფოტოებმა არა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ CHEOPS-ი სათანადოდ მუშაობს, არამედ სურათები მოსალოდნელზე უკეთესიც კი აღმოჩნდა. ბენცის თქმით, პირველი ფოტოები იმაზე მარტივი და სიმეტრიულია, ვიდრე ლაბორატორიაში ჩატარებული გაზომვებით ვარაუდობდნენ.
ფოტოები ბუნდოვანია, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, რადგან უკეთესი ფოტომტრიული სიზუსტისათვის ტელესკოპს ფოკუსი განზრახ არ ჰქონდა გასწორებული. ტელესკოპის დეფოკუსირება ნიშნავს უფრო დიდ სიზუსტეს, რადგან სინათლეს ის უფრო მეტი პიქსელით წარმოაჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტო დაწმენდილი არა, ის ზუსტია, რაც ხომალდისთვის აუცილებელია ვარსკვლავების სინათლეში მცირე ჩაბნელებების, ანუ ტრანზიტის შესამჩნევად. ამ ჩაბნელებებს იწვევს პლანეტის ჩავლა დედავარსკვლავის წინ, მის გარშემო მოძრაობის დროს.
ტელესკოპის ტესტირება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება, შემდეგ კი სრული დატვირთვით მუშაობას შეუდგება.
CHEOPS-ის მისიის მიზანია ეგზოპლანეტების (მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების) აღმოჩენა და დახასიათება. ხომალდი მაღალი სიზუსტით გაზომავს ეგზოპლანეტების ზომას დედავარსკვლავთან ჩავლისას; მისი მთავარი სამიზნე იქნება სუპერდედამიწის ტიპის პლანეტები, რომელთა ზომაც დედამიწისა და ნეპტუნის ზომებს შორის მერყეობს.