ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაცია გასცა
პრეპარატი „რემდესივირი“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირველი მედიკამენტი გახდა, რომელსაც ევროკავშირში გამოიყენებენ.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ რეკომენდაცია გასცა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო წამალი, „რემდესივირი“ გამოყენებულ იქნას ევროკავშირის ტერიტორიაზე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოს „ადამიანის მედიკამენტების კომიტეტმა“ განაცხადა, რომ პრეპარატს გამოიყენებენ პნევმონიის მქონე ზრდასრულებში და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში, რომლებიც დამატებით ჟანგბადს საჭიროებენ.
„რემდესივირი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და სხვა ოფიციალური პირების მიერ გამოცხადდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პრეპარატი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
აპრილში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, რომელთაც მკურნალობდნენ ანტივირუსული პრეპარატით, „რემდესივირით“, გამოჯანმრთელდნენ 11 დღეში, პაციენტები კი, რომლებმაც მიიღეს „პლაცებო“ – 15 დღეში.
„რემდესივირი“ თავდაპირველად ებოლასთან საბრძოლველად შეიქმნა.