ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაცია გასცა
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაცია გასცა

პრეპარატი „რემდესივირი“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირველი მედიკამენტი გახდა, რომელსაც ევროკავშირში გამოიყენებენ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით,  ევროპის მედიკამენტების სააგენტომ რეკომენდაცია გასცა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო წამალი, „რემდესივირი“ გამოყენებულ იქნას ევროკავშირის ტერიტორიაზე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს „ადამიანის მედიკამენტების კომიტეტმა“ განაცხადა, რომ პრეპარატს გამოიყენებენ პნევმონიის მქონე ზრდასრულებში და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში, რომლებიც დამატებით ჟანგბადს საჭიროებენ.

„რემდესივირი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და სხვა ოფიციალური პირების მიერ გამოცხადდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პრეპარატი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

აპრილში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, რომელთაც მკურნალობდნენ ანტივირუსული პრეპარატით, „რემდესივირით“, გამოჯანმრთელდნენ 11 დღეში, პაციენტები კი, რომლებმაც მიიღეს „პლაცებო“ – 15 დღეში.

„რემდესივირი“ თავდაპირველად ებოლასთან საბრძოლველად შეიქმნა.