ევროპის ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად
ევროპის ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად

ევროპის ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად. როგორც ევროპის ფონდში აცხადებენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ვერ იღებენ საკმარის სერვისებს.

ევროპის ფონდის წარმომადგენლებმა კვლევის შედეგები დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ წარადგინეს.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, სახელმწიფო წელიწადში შშმ პირთა საჭიროებებზე 212 მილიონს ხარჯავს. ეს თანხა ძირითადად ხმარდება სოციალურ დახმარებებს და არ არის ორიენტირებული შშმ პირთათვის აუცილებელი სოციალური პროგრამების შემუშავება -ფინანსებაზე. სპეციალისტების რეკომენდაციაა, შეიქმნას ერთიანი გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინკლუზიურობის გაუმჯობესების კუთხით.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს საქართველოს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტი შშმ თემის საჭიროებებთან მიმართებით. ასევე, ჩატარდა ფოკუსჯგუფები შშმ უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ამ მონაცემების საფუძველზე, ანგარიშში მთავარ გამოწვევად მიჩნეულია ორი პრობლემა:
• ბიუჯეტირების პრაქტიკა არ ეფუძნება შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას
• ბიუჯეტირების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნაკლებად არიან ჩართული

ანგარიშის მიხედვით, ეროვნულ დონეზე სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირებაში არ არის სწორად რეგულირებული და კომპეტენტურ ორგანიზაციებს არ ეძლევათ საშუალება, ჩაერთონ შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებაში. შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტი ვერ პასუხობს ამა თუ იმ თემის რეალურ საჭიროებებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 212 მილიონ ლარს ხარჯავს შშმ პირთა საჭიროებებზე, ეს თანხა ხმარდება ძირითადად სოციალურ დახმარებებს და არ არის ორიენტირებული შშმ პირთათვის აუცილებელი სოციალური პროგრამების შემუშავება/დაფინანსებაზე, რის გამოც ვერ ხდება შშმ პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

კვლევაში მითითებულია, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი და გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინკლუზიურობის გაუმჯობესების კუთხით.

„2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 324 000 შშმ პირია აღრიცხული (მოსახლეობის რვა პროცენტი). მათგან 123 957 ადამიანი სარგებლობს უნარშეზღუდულის სტატუსით და სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას. შშმ პირთა საჭიროებებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის 2018 წლის ხარჯების 93 პროცენტს შეადგენს სოციალური შემწეობები და მხოლოდ შვიდი პროცენტი იხარჯება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის ავტორთა რეკომენდაციაა, რომ ერთი მხრივ სახელმწიფომ, გაერო-ს შშმ პირთა კონვენციაზე დაყრდნობით, იხელმძღვანელოს შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების პრინციპით, ასევე უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში. ხოლო მეორე მხრივ, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა შეძლონ არსებული ბიუჯეტის ანალიზი და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების ადვოკატირება.

ევროპის ფონდი თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე 2014 წლიდან მუშაობს. ანგარიში ემსახურება საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით.

„ევროპის ფონდის მიზანია, საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი კომპეტენცია შეიძინონ საჯარო ფინანსების ეფექტურად მართვის მექანიზმების შესახებ და მომავალში თავად გაწიონ ადვოკატირება ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის, რათა ქვეყნის ბიუჯეტმა რეალურად ასახოს მათი საჭიროებები, ინტერესები და უფლებები“, – განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ.