ევროპელმა დეპუტატებმა "რუსული პროპაგანდის" მავნებლობის შესახებ იმსჯელეს
ევროპელმა დეპუტატებმა “რუსული პროპაგანდის” მავნებლობის შესახებ იმსჯელეს. დეპუტატები თანხმდებიან, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიმართ მგრძნობიარეები არიან და ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მექანიზმები, რათა ამ პროპაგანდას წინ აღუდგეს.
დებატები სტრასბურგში საათნახევარს გაგრძელდა. ევროდეპუტატების მოსაზრებები გაიყო. ერთი ნაწილი “რუსული პროპაგანდისგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობდა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ ევროპის შიდაპრობლემების მოსკოვისთვის გადაბრალება არასწორი ნაბიჯია.
უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი ჯულიან კინგი მიიჩნევს, რომ რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელების ერთიანი სტრატეგია აქვს შემუშავებული. ის გულისხმობს ერთი და იმავე ყალბი ამბების სხვადასხვა ენასა და სხვადასხვა ქვეყანაში მიზანმიმართულ გავრცელებას.
ამ დასკვნას კინგი ევროკავშირში მოქმედი სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) კვლევაზე დაყრდნობით აკეთებს. ჯგუფმა გამოავლინა კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის 3500 შემთხვევა.
ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ კრემლის კამპანია მიმართულია ევროპაში დემოკრატიული წესრიგის ძირის გამოთხრისა და ევროსკეპტიციზმის გაღვივებისკენ.
დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთის პროპაგანდასთან საბრძოლველად მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი უნდა გამოყოს.