„ევროპელი სოციალისტები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის
„ევროპელი სოციალისტები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის

„ევროპელი სოციალისტები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ინჯია ამბობს, ცვლილებების საჭიროება მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარეობს.

„გაგაცნობთ ინფორმაციას „ევროპელი სოციალისტების“ წევრების: ავთანდილ ენუქიძის, დავით ზილფიმიანის, ზაზა მიქაძისა და ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. ჩვენი წინადადება შეეხება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომელიც განპირობებულია მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამოდინარე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3.728,573 კაცს. მოსახლეობის რიცხოვნობის ამსახველი ციფრები, მკაფიოდ გადმოგვცემს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ და მიგრაციულ მწვავე პრობლემებს.  განსაკუთრებით ნიშანდობლივია 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა. ემიგრაციაში მიდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. საუბედუროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება და საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს.

XX საუკუნის მიწურულს შექმნილმა სამხედრო-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, მიგრაციის კიდევ ერთი კერა გააჩინა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შედეგად, ამ რეგიონების მოსახლეობა თითქმის სამი ათწლეულია, დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილი და მათი რაოდენობა ასეულ ათასობითაა. ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად, შესამჩნევია ემიგრანტების დაბრუნების კლებადი ტენდენციაც. ემიგრანტები, რიგი მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

პირველ რიგში, ამ მიზეზებს შორის შეიძლება, იყოს არასრულყოფილი კანონმდებლობა და ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიც კი. საქართველოს მოწყვეტილნი არიან არა მხოლოდ ემიგრაციაში წასული პირები, არამედ მათი შვილებიც, რომლებიც დღითიდღე შორდებიან მშობლიურ ფესვებს.

სახელმწიფო ვალდებულია დააბრუნოს და დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, კონფლიქტურ ვითარებას, ან იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა მისცეს მათ საქართველოში დაბრუნების საშუალება, მოტივაცია. სახელმწიფო ვალდებულია, ემიგრაციიდან დაბრუნებულ ოჯახს ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინოს, რაც შემდეგი განხილვის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიამ კანონპროექტზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, კანონში არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს მოქალაქეობის მიღებას ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს.

„ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც გააადვილებს საქართველოდან ზემოთ ჩამოთვლილი რიგი მიზეზების გამო წასული ადამიანებისა და მათი შვილების საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს, ახლებური რეგლამენტაციით, არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, არის ისეთი დათქმები, რომლებიც თეორიულად თითქოს ამარტივებენ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ჩანაწერები სრულად ვერ უზრუნველყოფენ მის ეფექტურ რეალიზაციას. რაც სამწუხაროდ, ემიგრაციებში წასულების გულისწყრომას და იმედგაცრუებას იწვევს.

საჭიროა, ისეთი მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს საქართველოდან წასულ და გაფანტულ ადამიანებს. მათ გაუჩენს ინტერესს და მოტივაციას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ სამშობლოში თავიანთ შვილებთან ერთად. მათ უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამ მხრივ, ჩვენ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ. აუცილებელია, კანონში არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღებას, რომელთაც სურთ, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს, რათა მათთვის არ არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიც არის გართულებული ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და დემოგრაფიული საკითხის გაუმჯობესებას. კანონპროექტის მომზადებისას, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორიც არის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასევე, კონსულტაციები გვქონდა ცალკეულ დეპუტატებთან“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.